ოცნება აპირებს პირისპირ და ონლაინ გამოთქმული სიტყვები გამო მოქალაქეები დასაჯოს
ონლაინ გამოთქმული სიტყვები გამო მოქალაქეები დასჯა
“ქართული ოცნების” მთავრობა აპირებს პირისპირ და ონლაინ შეურაცხყოფას შორის ზღვარი წაშალოს და მოქალაქეები დისტანციურად გამოთქმული სიტყვის გამო დასაჯოს. ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
თებერვალში, საპროტესტო აქციების პარალელურად, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან “მსგავსი გამოხატვა” დასჯადი გახდა.
ამის შემდეგ, 30 მაისს დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ლაშხისთვის “შეურაცხყოფის მიყენებისთვის” სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
იმავე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა შსს-ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის.
უმრავლესობი დეპუტატის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივარი, რომელიც შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ “უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას”, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
შსს-ში საჩივრის შეტანის ინიციატივას წინ უძღოდა პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი: “მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა – დიდ ბრიტანეთში თვეში ათასზე მეტ ადამიანს იჭერენ სოციალურ მედიაში დადებული პოსტების გამო” – წერს ნინო წილოსანი.
კომენტარი
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ გამოცემა “ტაბულას” უთხრა, რომ აღნიშნულ ცვლილებები დიდი საფრთხის შემცველია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.
ქურდოვანიძის თქმით, თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვისთვის, არ შეიცავს მუქარას და არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა და ასეთი შეზღუდვის დაწესება “დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს”.

“კანონში ცალსახად არ წერია, რომ აქ სოციალური ქსელებიც იგულისხმება, აქ ზოგადად ქცევა არის აკრძალული ამ ტიპის, რომელიც შეურაცხყოფას გულისხმობს, თუმცა, კონკრეტულად, აქ არის გასარკვევი რა ფრაზები ან რა გამონათქვამები არის მიჩნეული ასეთად და მეორე მხრივ, სოციალურ ქსელში ასეთი შეზღუდვების დაწესება არის სახიფათო ტენდენცია, რადგან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს და ამას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი და ადამიანები კრიტიკული მოსაზრებების გაზიარებისგან თავს იკავებდნენ. სტანდარტი უნდა იყოს იმგვარი, რომ თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა და ასეთი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს.
ადრეც იყო ასეთი პრეცედენტები, როცა კონკრეტულ პირებს სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, ოღონდ ეს იყო სხვა მუხლით, 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი და მაშინ საზოგადოებრივ ადგილად იმ კონკრეტულ შემთხვევებში განიმარტა სოციალური ქსელიც, მაგრამ ეს ახალი მუხლი, 173-ე, ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, ანუ დაცვის სუბიექტი ამ შემთხვევაში სხვა არის, არა ზოგადად პირი, არამედ კონკრეტული პირები და პასუხისმგებლობაც ცალკე გამოიკვეთა. როგორც ჩანს ამ მუხლის საფუძველზე ხდება მიმართვა. ასეთი შემთხვევები უკვე იყო, ოღონდ იყო პირისპირ შემთხვევებზე, ახლა, როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების თუ ფაქტების საფუძველზეც ხდება საჩივრის წარდგენა.” – უთხრა “ტაბულას” ქურდოვანიძემ.