"ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას" - კობახიძე და "ხალხის ძალა" ელჩის წინააღმდეგ
კობახიძე ჰერჩინსკიზე
ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის აიძულეს, ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე.
“საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ის არის ტრაგიკული პიროვნება, ამ ადამიანს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ იმუშაოს ელჩად. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება.” – ამბობს კობახიძე.
ამასთან, პრორუსული “ხალხის ძალის” წევრები პაველ ჰერჩინსკის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ “კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი “დიფ სთეითის” ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია”, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა.
განცხადება
“ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანაში გამხორციელებული ზეწოლის უპირველესი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, არაფერი რომ არ ვთქვათ “დიფ სთეითის” სხვა ისეთ მიზნებზე, რომელიც დიამეტრულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს.
საქართველოში ელჩად დანიშვნის დღიდან, პაველ ჰერჩინსკი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი არაერთი განცხადება და ნაბიჯი მოწმობს. ე.წ. ელჩი, რეალურად, საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.
საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?! ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, “დიფ სთეითის” მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.
ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და “დიფ სთეითის” დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს. ამ ძალებისგან მომავალი საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა გაანადგურებს “დიფ სთეითს” ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ამერიკას”.
ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, რომლის თქმითაც, მათ სურთ რომ დაანგრიონ “დიფ სთეითი”, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც.
ასევე, გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვისაა შექმნილი.
სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს. მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს.” – წერს “ხალხის ძალა.”