ირაკლი შაიშმელაშვილი: მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ახლა შს მინისტრი, სისტემაში არაფერი შეიცვლება
ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ახლა შს მინისტრი, “სისტემაში არაფერი შეიცვლება”.
მისივე ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტიდან გომელაურის გადადგომის შემდეგ, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერილი აქვთ. შაიშმელაშვილის განმარტებით, გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი პატივს სცემდა და ემორჩილებოდა, ხოლო მის გარეშე სამინისტროსთვის ტვირთი იქნება.
“ივანიშვილი ნელ-ნელა თამაშიდან გასვლას აპირებს და პროცესებს კობახიძეს აბარებს, რათა ჰყავდეს ვინმე, ვისაც შეეძლება ხლები შეაწმინდოს. ადრეც მითქვამს, უამრავი ადამიანია, ვინც სიამოვნებით დატოვებდა თანამდებობას. რა თქმა უნდა, გომელაური წასვლის რეალურ მიზეზებს არ დაასახელებდა. გომელაური იქნება თუ ვინმე სხვა, ფიქრობთ, სამინისტროში რამე შეიცვლება? ეს სისტემური მიდგომაა.
ჩემი ინფორმაციით, ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს, მის ბანდფორმირებებს, რომელიც მის ვერტიკალში არის, ყველას დაწერილი აქვს განცხადება. დაახლოებით 60-70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე. გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში, ხარაზიშვილი მინისტრის მოადგილეებს არ ემორჩილებოდა და მათ ბრძანებებს არ ასრულებდა. ხარაზიშვილი გომელაურის გარეშე უფრო მეტი ტვირთია, ვიდრე რამის გამკეთებელი. პიროვნულად არაფერს წარმოადგენს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბინძური და შავი საქმე უყოყმანოდ შეასრულოს, კითხვების დასმის გარეშე, თავის გუნდთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში მომუშავეთაგან ზოგიერთები გომელაურის წასვლის გამო თავადაც დატოვებენ თანამდებობებს, თუმცა ისინი, ვინც წლობით მუშაობენ ამ უწყებაში – დარჩებიან.
“არიან ადამიანები, რომლებიც გაჰყვებიან გომელაურს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც წლებია მუშაობენ სხვადასხვა ხელმძღვანელთან ერთად და დარჩებიან.
ახალი მინისტრი ვის მოიყვანს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ამას როგორ დააორგანიზებს, არ ვიცი და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არაფერი შეიცვლება. ხშირად მესმის “წითელ ხაზებზე”. მეტი რა წითელი ხაზები უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ, რომ საზოგადოებამ გააანალიზოს, რა საფრთხის წინაშე ვართ”, – თქვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
28 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
“დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, – ასე ახსნა გადადგომა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის გადადგომიდან ერთ საათში შს ახალ მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
გელაძე 2024 წლის იანვრიდან ამ დრომდე “ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო.
გომელაური, რომელიც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურას, ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და მასთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული თანამდებობის პირი იყო.