აფხაზეთის გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური ხაგუში, ადგილობრივი საჯარო მოხელის, ტიმურ ბიგვავას ცემაშია ბრალდებული.
ინციდენტი 5 ივნისს, ხაგუშის კაბინეტში მოხდა. როგორც ტელეგრამ-არხი “აიაშარა“ იუწყება, ხაგუში ბიგვავას გათავისუფლებას გეგმავდა, რამაც ორ პირს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
როცა საუბარი ხმაურიან კამათში გადაიზარდა, კაბინეტში ხაგუშის დაცვა შევარდა და, არხის ინფორმაციით, ბიგვავას ფიზიკურად გაუსწორდა როგორც თავად ხაგუში, ისე მისი დაცვის წევრები.
იური ხაგუში
მოგვიანებით, გაგრის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან ბიგვავას ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ რაიონის ხელმძღვანელს განმარტებები გაეკეთებინა, თუმცა ხაგუში იმ დროისთვის უკვე გაუჩინარებული იყო. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მან აფხაზეთი დატოვა.
გაგრის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ოფიციალურად უარყო როგორც ფიზიკური დაპირისპირების, ისე ძალადობის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრალდებები იური ხაგუშს ამ წლის მარტშიც წაუყენეს. მაშინ იგი რუს ტურისტს, კონსტანტინ ბელოზეროვს დაუპირისპირდა.
ინციდენტი 13 მარტს, გაგრის კაფე “ამორეში“ მოხდა. ხაგუშს არ მოეწონა, რომ ბელოზეროვი კაფეში შიშველი ტორსით იჯდა და ტურისტს შენიშვნა მისცა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. საბოლოოდ, ბელოზეროვი ფეხში ჭრილობით საავადმყოფოში მოხვდა.
მაშინ გაგრის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი ზღვის სანაპიროზე რკინის ბოძს დაეჯახა და ყველაფერი უბედური შემთხვევა იყო. თუმცა ეს ვერსია ექიმებმა მალევე უარყვეს, რადგან დაზიანება აშკარად ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიღებული. მიუხედავად ამისა, იური ხაგუში პასუხისმგებლობას მაინც გადაურჩა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხაგუში ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმაში მონაწილეობაშიც იყო ეჭვმიტანილი — როგორც ორგანიზატორი, ასევე უშუალო მონაწილე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო